ბოტანია – სტუმრების კომფორტის ზონა

გიორგი ნებიერიძემ ბანკში რამდენიმე წლიანი აქტიური საქმიანობის შემდეგ სულ ახალხანს გურმანთა სამყაროში შეაბიჯა და პარტნიორებთან ერთად „ბოტანია“-ს ჩაუდგა სათავეში. გემრიელი და ხარისხიანი კერძები, სასიამოვნო, მეგობრული გარემო, კმაყოფილი სტუმრები და განსაკუთრებული ნიშა ბაზარზე – ეს გიორგის და მისი პარტნიორების მთავარი მიზანი და ამბიციური გეგმაა. 

გიორგი, როგორ დაიწყო ყველაფერი? როგორ გაკეთდა „ბოტანია“?

მე და ჩემი სამი მეგობარი, რომლებსაც ბანკში მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, ამჯერად ახალი საქმის ირგვლივ გავერთიანდით. ჩემი იდეა იყო, შეგვექმნა გასტრონომიული პროდუქტი, სადაც ჩვენს სიტყვას ვიტყოდით და ადამიანებს გავუზიარებდით ემოციურ მესიჯს  – „სიკეთე გადამდებია და ჩვენ გვიყვარს ადამიანები“.

გაგვიჩნდა სურვილი, შეგვექმნა ჩვენი გამორჩეული და სისტემური ნიშა კვების ინდუსტრიაში, რაშიც საბანკო სფეროში მიღებული გამოცდილებაც დაგვეხმარებოდა. რამდენიმე წლის წინ გავიარე ტრანსფორმაციული ქოუჩინგის სასერტიფიკატო მოდული და მომინდა, რომ ჩემი ემოციები დიდი ბანკიდან პატარა ლოკალურ სივრცეშიც გადმომეტანა.

რატომ კვების სფერო?

თავად გურმანი ვარ. მომწონს მასპინძლობა, სტუმრის მომსახურება, მისთვის კეთილგანწყობის და სიკეთის გაზიარება. ეს დამოკიდებულებები გადმოვიტანეთ ამ სფეროშიც. ისეთი სისტემა ავაწყეთ, რომ ადამიანმა ისიამოვნოს ჩვენთან და აქედან  კმაყოფილი წავიდეს. სტუმრებს მთელი გულით ვურჩევთ, რა შეუკვეთონ, რომელი კერძი რას შეუთავსონ. მათი სიამოვნება და კმაყოფილება ჩვენი გრძელვადიანი მიზანია.

ამ სფეროში გამოუცდელები ხართ. როგორ და რა გზებით შეძელით ობიექტის გახსნა?

პირველ რიგში, გავიარეთ სარესტორნო კურსები, თუმცა, მალევე მივხვდით, რომ პროფესიონალების ჩართულობის გარეშე გაგვიჭირდებოდა. დავიწყეთ იმ ადამიანების მოძიება, რომლებიც სისტემის აწყობაში დაგვეხმარებოდნენ. რესტორატორი ლიკა კარტოზია ტრენინგებზე გავიცანი და აღმოვაჩინე, რომ ადეკვატური და სისტემური დამოკიდებულების მომხრე პროფესიონალია. გარდა ამისა, ბარის მენიუს აწყობაში ჩავრთეთ ივა ცხოვრებაშვილი, პროფესიონალი დიზაინერი ნინო მოსეშვილი, მხატვარი მუსია ქებურია და მენეჯმენტში გამოცდილი ადმინისტრაცია.

საკმაოდ დიდი ფინანსური რისკი გავიღეთ  და უამრავი ენერგია ჩავდეთ ამ საქმეში  და უკან დახევას არ ვაპირებთ. გვქონდა პრობლემები ბიუჯეტის დაგეგმვაში, ხშირად იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველაფერს გეგმაზომიერად ვალაგებთ და ჯიუტად ვცდილობთ იმ შედეგამდე მივიდეთ, რაც მიზნად დავისახეთ. ჩვენი რესტორნის კონცეფციაა როგორც ფამილარობისგან, ასევე ოფიციოზისგან თავისუფალი, მეგობრული გარემო – კომფორტის ზონა სტუმრებისთვის, რომლებსაც ექნებათ განცდა, რომ გულწრფელ, ყურადღებიან და მარტივ გარემოში მოხვდნენ. ამის მიხედვით დავგეგმეთ მე და ლიკამ თანამშრომლების გადამზადების პროცესიც.

მოდით, მთავარზე – მენიუზე ვისაუბროთ.

მარტივი, ნატურალური და ლამაზი კერძები გვაქვს, რომლითაც გემრიელად დანაყრდება ადამიანი, ხალისს და სიამოვნებას იგრძნობს. ამ კონცეფციის შესაბამისად ვიმუშავეთ მენიუზე  და კადრებიც მოვიძიეთ. „ბოტანიას“ შეფი ვასო ქარდავაა.

გვაქვს ძირითადი და საბავშვო მენიუ, ასევე, საუზმე, რომელიც ღუმელში გამომცხვარი ბლინების ნაირსახეობით გამოირჩევა. მენიუში გვაქვს „შინაურული“, მარტივი კერძები, ქართულ-ევროპული გემოთი და აზიური შტრიხებით. მაგალითად, ჩვენი სტეიკი მომზადებულია კიმჩის და თაფლის სოუსის მარინადში და მოყვება ჩილი სოუსი. მენიუ მდიდარია სოუსებით, რომელიც თითქმის ყველა კერძს მოყვება.

მენიუ ცხადია, ლიკას დახმარებით დავგეგმეთ. დიდ ყურადღებას ვუთმობთ ხარისხიანი  პროდუქციის შეძენას. 20 მომწოდებლის ხორცი მაინც გავსინჯე, სანამ მათ შორის საუკეთესოს ავარჩევდი. ჩვენს გუნდში ყველამ იცის, „ბოტანიას“ სტუმრებამდე ისეთი კერძი უნდა მივიდეს, რომლის მირთმევაც თავად მოგვინდება და მოგვანიჭებს სიამოვნებას. გუნდური თუ ინდივიდუალური  პასუხისმგებლობის განცდა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.