ჭკვიანი თხილის პასტები მადაგასკარის ვანილით

დაახლოებით 2 წლის წინ, ქართველმა ანტრეპრენერმა, ნინა ანდრიაძემ გადაწყვიტა ქართული გასტრონომიისთვის ახალი, ჯანმრთელი პროდუქტი შეემატებინა და ნარჩევი თხილეულისგან კარაქი დაემზადებინა. ნინამ, როგორც მენეჯმენტის და მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულების კონსულტანტმა და ექსპერტმა, მარტივად იპოვა თავისი ინდივიდუალური ნიშა ადგილობრივი წარმოების, ჯანმრთელი პროდუქციის ბაზარზე.

ასე დაიბადა ახალი ბრენდი „ჭკვიანი თხილი“ და მისი პროდუქციის მდიდარი, გურმანებისთვის სასიამოვნო არომატი, რომელიც ადგილობრივი, ნარჩევი თხილეულის, თაფლის და მადაგასკანის ვანილის ჰარმონიული მიქსით იქმნება.

ნინა, მოგვიყევით თქვენი ამბავი, როგორ გაჩნდა „ჭკვიანი თხილის“ იდეა?

კულინარია ყოველთვის იყო ჩემთვის თვითგამოხატვის საშუალება, თუმცა კომერციული თვალსაზრისით არასოდეს შემიხედავს ამ სფეროსთვის. ჩემი ანტრეპრენერული საქმიანობის მესამე წელს, ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა მიეტოვებინა თავის კორპორატიული საქმიანობა და მე შემომიერთდა, ჩემს მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმაში. ჩვენმა ერთობლივმა მუშაობამ შვების, ბედნიერების და თვითდაჯერების განცდა მომიტანა და სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ დრო იყო ჩემი კულინარიული განაცხადი გამეკეთებინა.

წლების მანძილზე ვაკვირდებოდი, როგორ იცვლებოდა წარმოდგენა ჯანსაღი საკვების შესახებ. თუკი ადრე, ჩემი თინეიჯერობის დროს ჯანსაღ კვებაში მეტი ნახშირწყლების, ფაქტიურად, ნულოვანი ცხიმების და მცირეოდენი ცილების მიღება იგულისხმებოდა, ახლა მიდგომა რადიკალურად შეიცვალა და მეცნიერული კვლევებიდან ვიგებთ, რომ სწორედ ცილები და ცხიმი არიან ჩვენი მთავარი მოკავშირეები წონის კორექციის, მენტალური განვითარების, ფიზიკური ენერგიის მიღების და ზოგადი კეთილდღეობის მიმართულებით.

მე თავად თხილეულის მოყვარული ვარ და ვაკვირდები, რამდენად მომრავლდა და პოპულარული გახდა მსოფლიოს მასშტაბით თხილეულის კარაქების ნაირსახეობა, მათი ნუტრიციოლოგიური სარგებლიანობის გავლენით. ჩვენ თავად მოგვყავს საქართველოში თხილი და აქედან აღმოვაჩინე ინოვაციების დიდი შესაძლებლობა, რომელიც არომატების ერთმანეთში ჰარმონიულად შერევით შეიძლებოდა შემექმნა.

როგორ ჩამოაყალიბეთ რეცეპტები და ბრენდის სახელწოდება?

დავიწყე გემოების ექსპერიმენტები ვისკით, ქოქოსის კარაქით და მადაგასკანის ვანილით. ჩემი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში ძალიან გამომადგა ბრენდის სახელის მოფიქრებაში. ასე გაჩნდა „ჭკვიანი თხილის“ ბრენდის ქვეშ სახელწოდებები – „ჭკვიანი თხილი“, „ყოჩაღი ნუში“ და „მოხერხებული მიწის თხილი“ თხილის, მუშისა და მიწის თხილის კარაქებისთვის.

პროდუქცია ონლაინ განვათავსეთ, რომელიც პირველივე დღეს აიტაცა მომხმარებელმა. მახსოვს, ფბ გვერდი შუაღამეს შევქმენით და როგორც კი გაეშვა, გაოცებულები ვიყავით, ისეთი დიდი დაინტერესება და მოთხოვნა გაჩნდა მომხმარებლებსა და მედიაში, და ეს „ჭკვიანი თხილის“ შექმნიდან მეორე დღესვე მოხდა.

წელს გამოვუშვით ახალი პროდუქტი – „გიჟმაჟი პეკანი“. პეკანი ერთ-ერთი ყველაზე თბილი, მოსიყვარულე და საოცრად ხალისიანი ადამიანებით დასახლებულ საქართველოს რეგიონში, გურიაში მოგვყავს და მე ვფიქრობ, ამაზე უკეთეს სახელწოდებას ვერც შევურჩევდი ჩემს ახალ, სრულიად ნატურალურ პროდუქტს – პეკანის კარაქს.

არის თუ არა მისაღები „ჭკვიანი თხილი“ ადამიანებისთვის, რომლებიც განსაკუთრებულ დიეტას იცავენ?

„ჭკვიანი თხილი“ ჯანსაღი არჩევანია აბსოლუტურად ყველა მომხმარებლისთვის. ჩვენი პროდუქცია არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებსა და კონსერვანტებს. ამის გამო, მისი ვარგისიანობის ვადა საკმაოდ მოკლეა – ქილის გახსნიდან 3 თვე და აუცილებლად მაცივარში უნდა ინახებოდეს.

მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ ასევე ვამზადებთ ჩვენი პროდუქციის ვეგანურ და დიაბეტურ ვერსიებსაც.

როგორ გამოიყენება თქვენი პროდუქცია?

ჩვენი თხილეულის კარაქები იდეალურია საუზმისთვის, ოფისში ჯანსაღად წასახემსებლად, ფართოდ გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმში, ხილის, ბოსტნეულის, მიუსლის, ალადებისა და სხვა დესერტების ტოპინგად, და რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ქილიდან, დიდი კოვზით მიირთმევენ „ჭკვიან თხილს“.

საკმაოდ აქტიურები ვართ სოციალურ მედიაში და რეგულარულად ვაქვეყნებთ სხვადასხვა რეცეპტებს. ასე რომ, ყველას შეუძლია, ესტუმროს ჩვენს გვერდს, სადაც ისწავლიან და თავადაც გაგვიზიარებენ იდეებს.

რა ღირს თქვენი პროდუქცია და სად შეიძლება მისი შეძენა?

„ჭკვიანი თხილი“ მოცემულ მომენტში მხოლოდ თბილისშია ხელმისაწვდომი. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ჩვენი Facebook გვერდის საშუალებით ან შეიძინოთ ონლაინ მაღაზიაში: soplidan.ge დ ა georgita.ge. ჯორჯიტას სუპერმარკეტების ქსელში ადგილზე მისულებმაც შეგიძლიათ პირდაპირ თაროებიდან შეიძინოთ იქ წარმოდგენილი ჩვენი პროდუქცია.

„ჭკვიანი თხილის“ თითოეული კარაქი 13-30 ლარი ღირს. ფასი შეიძლება მცირედ განსხვავებული იყოს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების შესაბამისად.