32 წლის ნენად უროსევიჩი გასულ წელს დასახლდა საქართველოში, რომელმაც თავისი 15 წლიანი საერთშორისო გამოცდილების და ჯანსაღი ამბიციების რეალიზაციის სივრცედ ამჯერად ჩვენი ქვეყანა აირჩია.
თბილისში ჩამოსულმა ძალიან მალე გახსნა Patio Café, თავის პარტნიორთან მანუჩართან ერთად, რომელიც მთლიანად იზიარებს ნენადის კარგი კერძებითა და ხარისხიანი საქმის კეთებით გატაცებას. Patio Café „ლოკალში“ – ქალაქის ცენტრში, პოპულარულ და ხალხმრავალ ადგილასაა განთავსებული.
ნენად, მოგვიყევით თქვენზე.
მიყვარს ჩემი საქმე. მომწონს ხარისხიანი ინგრედიენტებით მომზადებული კერძები და საუკეთესო სერვისი. განსხვავებული იუმორის გრძნობა მაქვს და მიყვარს, როდესაც მოვლენებს და საგნებს ნათელი მხრიდან ვუყურებ. მიმაჩნია, რომ ცოდნა მთავარია – მუდმივ რეჟიმში თვითგანვითარებას ყოველთვის უკეთესი შედეგისკენ მივყავართ.
ჩემი გამოცდილება კვების სფეროში სერბეთიდან იწყება, როდესაც ბარში დამხმარედ დავიწყე მუშაობა. ამის შემდეგ ამერიკაში, შემდეგ კი ესპანეთში, კატარში და დუბაიში ვიყავი სამუშაოდ და გენერალურ მმართველამდე არსებული ყველა პოზიცია გამოვიარე, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, მთავარ ორიენტირს Specialty ყავაზე ავიღებდი და კაფეს გავხსნიდი.
მოგვიყევით Patio Café-ზე და მის მენიუზე.
Patio Café ერთგვარ ურბანულ თავშესაფარს გთავაზობთ განსატვირთავად თბილისის ცენტრში. ჩვენს მწვანე, ეკო-გარემოში ძალიან გვიყვარს ძაღლები და მათი სტუმრობა. ვმუშაობთ ყოველდღე, დილის 10 საათიდან გვიან 23 საათამდე. გვაქვს გამოყოფილი სივრცე მწეველებისთვის და არამწეველებისთვის.
რაც შეეხება მენიუს, საუზმეზე გვაქვს კვერცხის ბენედიქტი, სერბული, სახლური ბურგერი, ახალთახალი ფუნთუშები, კრაფტის ლუდი, ხემსები, ნატურალური წვენები და განსაკუთრებული ყავა.
მოგვიყევით, როგორ ერთობიან თქვენთან მოსული სტუმრები?
აი, ამ მხრივ უკვე საკმაოდ ცნობილები ვართ! ჩვენთან შეგიძლიათ ითამაშოთ დართი, კარტი ან სამაგიდო თამაშები: მონოპოლი, პანდემიკი, ჭადრაკი, უნო, დოსი, სფლენდორი, დომინო და სხვა..
ჩვენ ვმასპინძლობთ ბარბიქიუების და კრაფტის ლუდის ფესტივალებს, ხუთშაბათის ღამის კინო-სეანსებთან ერთად. გვაქვს ასევე ოთხშაბათობით თამაშის საღამოები. ჩვენს ღონისძიებეის და შეკრებების შესახებ ყოველთვის წინასწარ ვაქვეყნებთ ინფორმაციას ჩვენს ფბ-გვერდზე და ინსტაგრამზე.
როგორ შეეგუეთ კოვიდ-19 თან დაკავშირებულ რეგულაციებს?
„ლოკალის“ მფლობელი – ქენდი ყოფილი მედდაა ამერიკიდან, შესაბამისად, ქენდიმ დამატებითი წესებიც შემოიღო ჩვენთვის იმისათვის, რომ სივრცე მომხმარებლებისთვის და თანამშრომლებისთვის სრულიად უსაფრთხო იყოს. მაგიდები და საერთო არეები ყოველ 2 საათში სველი, განსაკუთრებული წესით იწმინდება, გარდა ამისა ვხმარობთ ჭურჭლის რეცხვის განსაკუთრებულ ფუნქციას – სტერილიზატორს. რა თქმა უნდა, ყველას გვიკეთია პირბადე და ყველა შემომსვლელს სიცხეს ვუზომავთ.
საინტერესოა, რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება გაგეხსნათ კაფე პანდემიის დროს, მაშინ, როცა სხვა კაფეების დიდი ნაწილი იხურება?
გულწრფელად რომ გითხრათ, იმიტომ, რომ სხვას ყველას ეშინოდა. მგონია, რომ რაც მალე გადავალთ მოქმედებაზე, მით უფრო სწრაფად დავუბრუნდებით ნორმალურ რეჟიმს. გვინდა, მაგალითი მივცეთ სხვა ადამიანებს, რომ მათაც გადადგან თამამი ნაბიჯები. ადვილია, რომ შეგვეშინდეს, დავიმალოთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ადამიანებს მუშაობის არ უნდა ეშინოდეთ. თუ Patio Cafe პანდემიის რეჟიმშიც წარმატებული იქნება, ეს სხვა ადამიანებისთვის მოტივაცია იქნება, რომ მათაც გადადგან ნაბიჯები. მთავარია, გვქონდეს სურვილი და მიზანი და სრული სვლით შევუდგეთ მათ შესრულებას.
Leave a Reply
View Comments